პრეს რელიზები

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 53-ე შეხვედრა გაიმართა

27.02.2018
2018 წლის 27 თებერვალს გალში გაეროს თავმჯდომარეობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 53-ე შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა ღია და გულახდილ ატმოსფეროში გაიმართა. ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ  ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა 17 იანვარს ჩატარებული წინა შეხვედრის შემდეგ შედარებით სტაბილური იყო, ახალ სერიოზულ ინციდენტებს ადგილი არ ქონია. აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის  არსებითი როლი მონაწილეთა შორის ინფორმაციის გაცვლის უზრუნველსაყოფად და ამით სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

დღის წესრიგში კვლავ იყო ბ-ნ ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება სათანადოდ არ სრულდება და მონაწილეებს თანამშრომლობის გაღრმავების გზების განხილვისა და ერთობლივი ძალისხმევისკენ მოუწოდა. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს გრძელვადიანი პატიმრის ბოლოდროინდელი გათავისუფლება. თავმჯდომარეებმა   ყველა მხარეს მოსაგვარებელ შემთხვევებთან დაკავშირებით კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული სტაბილურობის საკითხი მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული ცხელი ხაზის გააქტიურების  საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით. ფართოდ განიხილებოდა გამოწვევები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ყურადღება გაამახვილა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის უარყოფით ზეგავლენაზე ადგილობრივ მოსახლეობაზე.

მონაწილეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთი სკოლის მოსწავლეთა რიცხვის შემცირებასა და მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე ყურადღება გაამახვილეს.

დღის წესრიგის რეგულარული საკითხის ფარგლებში სენსიტიურ ღონისძიებებთან წინასწარი გაფრთხილების თაობაზე თავმჯდომარეებმა ყველა მონაწილეს მოუწოდეს სრულად გამოიყენონ ცხელი ხაზი და ყველა შესაძლო ზომა მიიღონ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სტაბილურობის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცვლელად. 

შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  გალში 2018 წლის 21 მარტს გაიმართება.

Follow us on social media