პრეს რელიზები

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება ევროკავშირის სახელით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით

07.08.2018
დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მე-10 წლისთავი აღინიშნება. ევროკავშირი კვლავინდებურად საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მტკიცე ნებას გამოხატავს. ევროკავშირი ხაზგასმით აცხადებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. 

სამწუხაროდ, რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ძალები ჰყავს განლაგებული, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაა. 

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, ჩართული იყოს საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევებში, გააგრძელებს რა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობას, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობას და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  საქმიანობას.

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც შეუძლია სარგებელი მოუტანოს ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებს, ხელს შეუწყობს რა ვაჭრობას, განათლებას და მიმოსვლას. ასეთი შემოთავაზებები ეთანხმება ევროკავშირის მიერ საქართველოს განდგომილ რეგიონებში გატარებულ ჩართულობის პოლიტიკას.

ამ ათი წლის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები და გაატარა რეფორმები კანონის უზენაესობის მხრივ. საქართველომ ააყვავა ეკონომიკა და გახდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმის მნიშვნელოვანი სამიზნე. დღესდღეობით იგი რეგიონისთვის დემოკრატიული სტაბილურობის ნიმუშია. 

ამასთან, საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ამბიციურ ასოცირების შეთანხმებას, მათ შორის შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რომელიც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. 2017 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში შევიდა ევროკავშირის ქვეყნებში მოკლე ხნით უვიზო მოგზაურობა. ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობა არის ჭეშმარიტი პარტნიორობა, რომელიც პოლიტიკურ ერთიანობას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, ასევე ჩვენ ხალხებს შორის მტკიცე მეგობრობას ეფუძნება. 

იხილეთ პრეს რელიზი აქ

Follow us on social media