1 ოქტომბერს 10 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა დაიწყო. უკვე ათი წელიწადია, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას თავისი წვლილი შეაქვს უსაფრთხოებასა და სტაბილურობის გაძლიერებაში, ჩაატარა რა 65,000-ზე მეტი პატრულირება. ამ წლების განმავლობაში მისიაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის 1,700-ზე მეტმა მოქალაქემ. ის, რომ აღნიშნული თანამშრომლები ევროკავშირის 28-ვე წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ, მთელი ევროკავშირის მისიისადმი აღებული ვალდებულების ყველაზე უტყუარი დადასტურებაა. მისია ფოკუსირებულია სტაბილურობის გაძლიერებაზე, ვითარებასა და კონფლიქტით ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანების უფლებებზე თვალყურის დევნებაზე, ნდობის აღდგენასა და ფაქტებზე დაყრდნობით ანგარიშების წარდგენაზე.
ბ-ნმა ვიჩენცო კოპოლამ, რომელიც ახლახან მთელ მსოფლიოში მიმდინარე ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურად დაინიშნა, თქვა:
„საქართველოში ომის გასვლიდან ათი წლის შემდეგ ევროკავშირი აგრძელებს მშვიდობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით მუშაობას. ჩვენი სადამკვირვებლო მისია შეუცვლელ როლს ასრულებს, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია. მას სარგებლობა მოაქვს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყველა ფენის - ქალების, კაცებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იწვნიან 10 წლის წინ მომხდარი საომარი ქმედებების მძიმე შედეგებს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასახავს ევროკავშირის უწყვეტ და გრძელვადიან მხარდაჭერას რეგიონის სტაბილურობისა და ყველა მოქალაქის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.“
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ბ-ნმა ერიკ ჰოგმა თქვა:
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე რჩება 24-საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღე, წელიწადში 365 დღე. იგი ნებისმიერ მომენტში მზადაა დაკვირვებისთვის, ინფორმაციის მოწოდებისა და დეესკალაციისთვის. 10 წლის განმავლობაში მისიას მოუწია უსაფრთხოების ცვალებად პირობებთან ადაპტირება. ორგანიზაცია ეფექტიანად მუშაობს, მისი როლი კი ნათელია და პატივისცემით სარგებლობს. დღევანდელ დღეს მსურს მადლიერება გამოვუხატო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყველა თანამშრომელს. ვამაყობ ჩემი კოლეგების მიერ უკანასკნელ ათწლეულში გამოვლენილი თავდადებითა და ძალისხმევით, რომლის ყოველდღიური მომსწრეც ვიყავი ჯერ როგორც მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, შემდეგ კი ხელმძღვანელის რანგში. მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის 26 წევრი ქვეყნის 200-ზე მეტი დამკვირვებლისა და ჩვენი გამოცდილი ქართველი კოლეგების ინდივიდუალური ძალისხმევის წყალობით ვახერხებთ ჩვენს წინაშე დასმული ამოცანების წარმატებით შესრულებას მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე.“
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთერთია ევროკავშირის მიერ საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ამჟამად წარმოებულ მისიათაგანი. იგი დაიწყო მხარეების მიერ ექვსპუნქტიანი შეთანხმების პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად, რომელმაც 2008 წლის ომი დაასრულა.
2008 წლის 1 ოქტომბრიდან მისია დღე და ღამე პატრულირებს, რათა მოხდეს საომარი ქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამას გარდა, მისია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეხმარება საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში პოლიტიკის განსაზღვრაში.
წლების განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უზრუნველყოფს ინფორმაციის ეფექტიან გაცვლას და ხშირ შემთხვევაში ხელი შეუწყო მხარეებს შორის დაძაბულობის დეესკალაციას, მათ შორის მისი ცხელი ხაზით მიღებულ 8 000-ამდე ზარზე რაგირებით. ამას თან ერთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით ორგანიზებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები. აღნიშნული შეხვედრები ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარის მონაწილეებს აძლევს საშუალებას, ერთმანეთს გაესაუბრონ უსაფრთხოების და სხვა ისეთ საკითხებზე, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებაზე. წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ IPRM ფორმატი ძალიან ეფექტიანი მექანიზმია ადგილზე სიტუაციების სამართავად და საქართველოში სტაბილურობის ხელშესაწყობად.
ცოტა ხნის წინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მიიღო გადაწყვეტილება მისიის მანდატის შემდგომი ორი წლით - 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელების შესახებ. ეს არის კიდევ ერთი მძლავრი გზავნილი ევროკავშირის მიერ საქართველოში არსებულ შედარებით მყიფე უსაფრთხოების სიტუაციასთან მიმართებაში აღებული ვალდებულებისა და იმის შესახებ, რომ მისიის მანდატი არ კარგავს თავის აქტუალურობას.